Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

суббота, 5 июня 2010 г.

გიორგი კვინიტაძე


გიორგი კვინიტაძე (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი. (დ. 21 აგვისტო, 1874 ― გ. 7 აგვისტო, 1970), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

დაიბადა 1874 წელს თბილისში ან დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა.

1918 წელს,როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენ. კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით,რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენ. კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დასტოვა სამშობლო.

მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გ.კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე(МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921).

ცოლად ჰყავდა (1911-დან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (1889-1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: იდა, თამარი და ნინო. ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.


Комментариев нет:

Отправить комментарий