Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

среда, 9 июня 2010 г.

იუნკრები





1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. სამხედრო ხელოვნებას ეუფლე­ბოდა სულ 182 იუნკერი («უნკერ» გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფი­ცერს ნიშნავს).

ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.



სკოლის პირველი უფროსი გენერალი გ. კვინიტაძე იყო. მას შემდეგ, რაც გ. კვინიტაძე საქართველოს ჯარის მთავარსარდლად დაინიშნა, სკოლას სათავეში ჩაუდგა მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე. სწორედ მან მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი.





გიორგი კვინიტაძე

«იუნკრები, პროფესიონალი მეომრები იყვნენ, სწორედ ამიტომაც იდგნენ ისინი რამდენიმე თავით მაღლა მაშინდელი ქართული ჯარის სხვა შენაერთებზე. ტაბახმელაზე იგივე ქართველები იდგნენ, მაგრამ ნორმალურად აღზრდილნი, ბრძოლისათვის განსწავლულნი», გენერალი კვინიტაძე.



საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა (რუკა).

1921 წლის 11 თებერვალი



«სამხედრო სკოლა მიდის ფრონტზედ, სამხედრო სკოლა!» –ელვის სისწრა­ფით გავარდა ხმა ქალაქში და მთელი ქალაქი მიხაილოვის და რუსთაველის ქუჩაზედ გამოიფინა. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა გარეთ გამოსულიყო და მწყობრად მიმავალთ ტაშის ცემითა და ვაშათი ეგებებოდა. იუნკერთა სასწავლებელი კი, მიდიოდა მთელი თავისი სიდარბაისლით, წარბშეუხრელად და დინჯად, ვერის აღმართზე ხალხმა იმატა, აღტაცებისა და მისალმების ყიჟინა დედათა მიერ შვილების უკანასკნელ ლოცვასა და ალერსში აირია: «შვილო! შენ იცი, როგორ იბრძოლებ სამშობლოსათვის! შვილებო! შვილო!» ეალერსებოდნენ ხან შვილს, ხან მის ამხანაგებს. შვილები და ამხანაგები კი, ისევ მედგრად განაგრძობდნენ წინსვლას...

ნ. მათიკაშვილისა და მ. კვალიაშვილის მოგონებებიდან



ივანე ჯავახიშვილი

«სტუდენტები, განსაკუთრებით საყვარელი ლექტორის, ივანე ჯავახიშვილის ცრემლიანმა, გულმხურვალედ წარმოთქმულმა მოკლე სიტყვამ აღანთო:

«შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ».

ნ. მათიკაშვილისა და მ. კვალიაშვილის მოგონებებიდან



ალექსანდრე ჩხეიძე

«1921 წლის 11 თებერვალს, გამთენიისას საყვირის განგაშით მშვიდათ მიძინებული სკოლა ფეხზე წამოყარეს. პოლკოვნიკმა ჩხეიძემ პატაკი ჩაიბარა, ერთეულები შეამოწმა, ნაკლოვანების შევსების ბრძანება გასცა და დაახლოებით, 10 საათზე ტაბახმელასკენ გაგვიძღვა: გზა მიხაილოვის გამზირით კოჯრისკენ მიემართებოდა. წინ ცხენზე ამხედრებული პოლკ. ჩხეიძე მიგვიძღვოდა თავისი მცირე ამალით, მას სამხედრო ორკესტრი მოსდევდა და მერე ჩვენ».

ნ. მათიკაშვილისა და მ. კვალიაშვილის მოგონებებიდან



ვასილ ბარნოვი

«თოფები მხარზე, სმენაზე გვქონდა აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა.

შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდი რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენს მასწავლებელს, ვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწას მიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი მიჰყვებოდა აზვირთულ ტალღას. მისი დანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რას ფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და იმავდროულად, ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ.»



ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

«ლეიტენანტი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ტაბახმელას სარდალია. მისი სიფხიზლე ყველაფერს დროზე ამჩნევდა და სროლით, ხელყუმბარებით, უკუიერიშით, დიდი ზარალით უკან აგდებდა მტერს და არც ერთ ნაბიჯს არ თმობდა», იგონებს იუნკერი ნ. მათიკაშვილი.

მოგონებები ბრძოლის ველიდან

«25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი აგებულებისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი».

«ტაბახმელას რაიონის ერთ ტრანშეაში 40 ჯარისკაცია. მათ კაპიტანი ყიფიანი მეთაურობს. უცბათ, ტრანშეას თავს დაესხა წითელი რაზმი. თითქმის ალყაში მოაქცია. რიცხობრივად, მათ შორის, უშველებელი სხვაობაა, მაგრამ ქართველები არ ნებდებიან. იმედოვნებენ, დახმარება მოუსწრებთ. ეს იმედი ამაოა. ქართველთა რაოდენობა სწრაფად კლებულობს. რჩება მხოლოდ ფეხზე მდგომი ხუთი ჯარისკაცი და მათი კაპიტანი. ბოლშევიკები ტრანშეას იღებენ.

ხუთი გადარჩენილი რწმუნდება, რომ დამარცხება გარდაუვალია. ისინი ერთ მუშტად იკვრებიან. კაპიტანი მათგან ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, მას არც გაქცევა სურს და არც ცოცხლად მტრის ხელში ჩავარდნა. მკერდზე რევოლვერს მიიდებს და ერთი მეორის მიყოლებით ტყვიებს დაიხლის. სასწაული! კაპიტანს სიკვდილი არ ეკარება. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს. უეცრად, ვიღაცამ უსწრაფესად ხელიდან გამოგლიჯა რევოლვერი. ეს სამხედრო სკოლის კურსანტები გამოჩნდნენ დასახმარებლად. კურსანტებმა მტერი უკუაგდეს. ტრანშეა ბოლშევიკებისაგან გაწმინდეს».

«ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა ნამსხვრევები, ჩვენ კი, სანგრებში ჩამალვას, სანგრების პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით, თავგანწირვით ვიბრძოდით და არც მსხვერპლი გვაკლდა».

«თბილისის გარშემო დღეცა და ღამეც გაშმაგებული ბრძოლები გრძელდება. იგი მხო­ლოდ 24-25 თებერვალს, ღამით, 12 საათზე მთავრდება».



იმ დღეების პრესა

«ლომებივით იბრძვიან იუნკრები ყველა ნაწილებიდან. იუნკრები ყველაზე მედგრად და განუწყვეტლივ ამაგრებენ ფრონტს... ისინი ჩასაფრებიან წუნკალა მტერს და მთელი დღე-ღამეს, როგორც ზღვის ტალღებს, უკუაქცევენ ბოლშევიკების იერიშებს...»



რეზო გაბაშვილის რეპორტაჟი უშუალოდ ფრონტის ხაზიდან


«ვენაცვალე! ვენაცვალე! ჩახედეთ, ჩახედეთ იმ თხრილებში... ჰყინავს... თხრილებში მდგომი წყალი გაყინულია... ხელები დალურჯებიათ მებრძოლთ და მაინც ოხუნჯობენ... ყველა აქაა, ბრძოლის ველზე...»

დავით თურდოსპირელის (დ. ჩხეიძე) წერილიდან

«თბილისისკენ რუსები ჩვენს გვამებზე გადაივლიან», გადაწყვიტეს იუნკრებმა, და მართლაც, მათ ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ უკან».
«დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებ­ლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიან და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა.»

დიდი გამძლეობა აღმოაჩნდა ქართველ ერს! მისი სულიერი სიმტკიცე არ შეირყა!... არ შეირყა მისი რაინდული მხნეობა...
მას მოსტაცეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მაგრამ ვერ გატეხეს! ვერც დაიმონებენ!...

რემონ დიუგე (XXს. ცნობილი ფრანგი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, 1919-1924წწ. ცხოვრობდა საქართველოში.)

1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული და ალექსანდრე ნეველის ტაძართან დაკრძალული იუნკრები, სკოლის ოფიცრები და მოხალისენი

«დიდო გმირებო! მოვდივართ, რათა უკანასკნელად მუხლი მოგიყაროთ და პატივი გცეთ თქვენ»...

კარლო ჩხეიძე (საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე)



მარო მაყაშვილი

«შეებრძოლება მტერს, უკანასკნელ წვეთამდე შეებრძო­ლება და ან სიკვდილი ან გამარჯვება, აი დევიზი ქართველი ერის!“

მარო მაყაშვილის დღიურიდან

«...და ფრონტზე წავიდა 19 წლის მარო, კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი».
ორიოდე დღე ფრონტზე და ორად-ორი ბარათი...

«საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.

შენი მარო».

«...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

18 თებერვალი.

მაროს თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია, ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს, ცოცხლებს ჭრილობებს უხვევდა... შემდეგ ტყვია თავადაც მოხვდა... წავკისის მიმართულებით, დაჭრილებით სავსე ორთვალათი მიმავალს მტრის ყუმბარამ კეფა შეუნგრია...
ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა...
წირვას აღავლენდა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე.

მარო «სობოროს» ეზოში 23 თებერვალს, დღის 12 საათზე დაკრძალეს.



გერონტი არჩვაძე (მოხალისე)

როდესაც იუნკრებს ტყვია-წამალი შემოელიათ, გერასიმემ თავის ბიძაშვილს, შეძლებულ ვაჭარს, კოლა არჩუაძეს დახმარებისთვის მიმართა. ძნელად, მაგრამ მაინც იშოვეს საჭირო ტყვია-წამალი. დამშვიდობებისას, მორიდებით უთხრა ბიძაშვილმა: «თბილისი ბოლშევიკებმა დაიკავეს, ბრძოლა წაგებულია და შენც თავს ნუღარ დაიღუპავ!» «რა ფასი აქვს ვაჟკაცის სიცოცხლეს, თუ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში არ დაიხარჯები!» მიუგო გერასიმემ და მოხალისე ასეულთან ერთად, რამდენიმე დღეში, გმირულად შეეგება სიკვდილს.

შემდგომ, დრამატულად განვითარდა მოვლენები. იმ დღეებში გერასიმეს უმცროსი და, ნიფორა თხოვდებოდა. გერასიმეს დაღუპვის ამბავი თბილისიდან ჩამოსული ახლობლისგან შეიტყო მამამ, რომელმაც სახლთან ახლოს განმარტოვებულმა გამოიგ­ლოვა შვილი, შემდეგ სასწრაფო საქმე მოიმიზეზა და თბილისში გამოემგზავრა.

მამამ თუთიის ჭურჭელში ჩასვენებული შვილის ცხედარი ქუთაისამდე საბარგო ვაგონით ჩუმად ჩამოიტანა, მერე კი, ურმით სოფლამდე ააღწია და ქალიშვილის ქორწილის დამთავრებამდე, ცხედარი სოფლისგან მოშორებით, სათიბში გადამალა.

დედისთვის ამ შემზარავი სიმართლის გამჟღავნება მეტად ძნელი აღმოჩნდა. სოფელს რომ არ გაეგო, დედამ შვილი ჩუმად დაიტირა. ცხედარი იმავე საღამოს «ჭბოს მთავარანგელოზის» ეკლესიის ეზოში, ყოველგვარი რიტუალის, საფლავზე სახელისა და გვარის მინიშნების გარეშე, საიდუმლოდ დაკრძალეს, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი «მოღალატე» ქართველი იუნკერი, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოეღოთ საფლავიდან და უკვალოდ გადაეკარგათ.



ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

1921 წლის მარტში ბესოს უმცროსმა დამ, 22 წლის მარიამ კემულარიამ, შეაღწია ფილიპე მახარაძესთან და სთხოვა, ნება დაერთოთ ძმის ცხედარი საძმო საფლავიდან ქუთაისში გადაესვენებინა. მახარაძის შეკითხვაზე: «ბიძიკო, შენ პატრონი არ გყავს?» მან უპასუხა: «პატრონი თქვენ მომიკალით!»...

ნება დართეს. მარიამმა მუშები იქირავა და მარტის სუსხიან დღეს «სობოროს» საძმო საფლავი გაიხსნა. შეამოწმეს თერთმეტი დაღუპული ვაჟკაცი, ბესო მათ შორის არ იყო. «მეტი აღარ შეგვიძლია!» - განაცხადეს მუშებმა. მარიამმა სთხოვა მეთორმეტეც ენახათ და თუ ბესო არ იქნებოდა, იმ მეთორმეტეს წაასვენებდა, დაკრძალავდა და იგლოვებდა როგორც ძმას. მეთორმეტე სწორედ ბესო აღმოჩნდა!...

მარიამმა ძმა ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში დაკრძალა. გავიდა ხანი, საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დაანგრია, სასაფლაო გააუქმა და იმ ადგილას ე.წ. «მთავრობის სახლის» აშენება გადაწყვიტა.

ოჯახმა ბესოს საფლავი კვლავ გახსნა და ნეშტი საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენა.

(დისშვილის ნათელა ხურცილავას მოგონება)



მიხეილ იოსელიანი (ოფიცერი)

ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ კოჯორ-ტაბახმელაში ბრძოლის დროს ბაბუას ყური ჩამოათალეს და სისხლისგან იცლებოდა. როდესაც ადიუტანტმა მას ბრძოლის ველიდან გაყვანა შესთავაზა, უპასუხა: «ამ ბიჭების მშობლებს რა პასუხი გავცე და ჩემს, დედით ობოლ, შვილს თვალებში როგორ ჩავხედო!»

ბაბუა იუნკრებთან ერთად სობოროს ეზოში დაუკრძალავთ.

(შვილიშვილის რუსუდან იოსელიანის მოგონება)

ოთარ ლორთქიფანიძე (იუნკერი)

მზის ჩასვლისას, როდესაც ცხარე ბრძოლა დამთავრდა, ჩემი ბიძა, 19 წლის იუნ­კერი ოთარ ლორთქიფანიძე საქართველოს სადღეგრძელოს სანგარში ფეხზე მდგომი სვამდა, რის გამოც მეგობრებმა გააფრთხილეს: ოთარ, თავი დახარეო, მაგრამ მან უპასუხა: «თავი ვის დავუხარო, ამათ?!»

გავარდა საბედისწერო ტყვია და ბიძაჩემი უსულოდ დაეცა.

(ძმისშვილის მოგონება)

ირაკლი თოიძე (კაპიტანი)

ბოლშევიკთა მოზრდილმა ჯგუფმა მაღლობი გადმოლახა და ლეიტენანტ თოიძის ოცეულს «ურას» ძახილით შეუტია.

ლეიტენანტი თოიძე უკუიერიშით მიეგება. მტერმა ხელჩართულ ბრძოლას ვერ გაუძლო და პირი იბრუნა. ველზე დაჭრილ-დახოცილი მებრძოლები დარჩნენ, მათ შორის იყო გარდაცვლილი ლეიტენანტი ირაკლი თოიძე.



გაბრიელ გეხტმანი (იუნკერი)

დაიღუპა მარო მაყაშვილთან ერთად, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.



შალვა ერისთავი (იუნკერი)

ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, იუნკერთა წინსვლა სერიოზულად შეაფერხა სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევებმა. იუნკრები პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე «მაქსიმისაკენ“. მოიერიშეებს მალევე გამოეყო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა «მაქსიმის“ ლულა.

მოგვიანებით, თანამებრძოლებმა თხრილში ნახეს სასიკვდილოდ დაჭრილი და გულწასული შალვა ერისთავი, რომელსაც სიცოცლის უკანასკნელ წუთამდე თოფი ხელიდან არ გაუშვია. მიუხედავად იმისა, რომ თვალს ვერ ახელდა და ფეხზე ვერ დგებოდა, იგი საბრძოლო განკარგულებებს მაინც იძლეოდა...

იმ დღეებში შალვა ერისთავის გმირობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი, გასაგები მიზეზების გამო, მას მხოლოდ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ.





იოსებ (ოსიკო) ჯანდიერი (იუნკერი)

ამონაწერი დედის დღიურიდან
«ოსიკა შევიდა «ვაენი უჩილიშჩაში” იუნკერად 1920 წლის 15 სექტემბერს ქ.თბილისში.
ოსიკა 1921 წლის 17 თებერვალს წავიდა ბრძოლის ველზე კოჯორის მთებზე ტაბახმელაში, ბოლშევიკებთან ომობენ ჩვენი ქართველები, მამაცათ ომობენ საშინელს ომში ნამეტნავათ იუნკრები.
იუნკრებმა დაიწყეს ომი საღამოს 17 თებერვალს 1921 წელს.
ოსიკას მამაცობის ხმა მოდის, ძალიან მამაცად ეომება და დაჭრილი ამხანაგები გამოჰყავს თურმე თავის ზურგით ბრძოლის ველიდან და ისევ ბრძოლაში შადის, ამას დაჭრილები ამტკიცებენ.
4 მარტს 1921 წელს დააგდეს ხმა, რომ ჩემი ოსიკა მკვდარი არის ჩამოყვანილი მიხეილის საავადმყოფოში. მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. დამარწმუნეს რომ ოსიკა არა არისო.
მითხრეს, რომ როცა კოჯორი დაცალეს, ბათუმისკენ წაიყვანეს ჯარი, ოსიკასაც მაშინ გაუვლია და არ ვიცი მართალია თუ არა.
ვანოს ეგონა რომ ოსიკა ჩემთან არის, ვაიმე შვილო, მგონი უბედური დედა გავხდი. ზოგი ამბობს, რომ მომიკლეს, ზოგი მეუბნება, რომ დაჭრილი ბაქოში არის ტყვეთა..ეხლა ბაქოში ვეძებთ, თუ იქაც არ აღმოჩნდა, დიდი უბედურება მომივა, ალბათ ბოლშევიკებთან ალექსანდრეს ბაღშია დამარხული ან ვაენი სობოროში ბრათსკი მაგილაში. ვაი შენ დედას შვილო რატომ არ მოვკდები..
ვაი ჩემო უბედურო თავო. დღეს 10 აპრილს 1921 წ. დავრწმუნდით, რომ უბედურობა მოგვივიდა, მე და ვანოს ოსიკა აღარა გვყავს.. ლალა ვაჩნაძე დარწმუნებით ამბობს, რომ მიხეილის საავადმყოფოში ნახა მიცვალებული ჩემი ოსიკა. ლალამ მითხრა, გულში ქონდა თურმე ტყვია მოხვედრილი და მკერდში ერთი შტიკი მოხვედრილი, ვაი შენ დედას შვილო, რატომ არ მოკვდი შენ მაგივრათ, რომ შენ დაგეყარა ჩემთვის მიწა.
16 მაისი 1921 წელი, თბილისი. დღეს ვიპოვე ჩემი გმირი 19 წლის ვაჟკაცის საფლავი ვაენი სობოროში წმინდა ალექსანდრეს ტაძრის ეზოში არის ჩემი ოსიკა ბევრი სხვა ამხანაგებთან ერთად დამარხული. ოსიკას საფლავი მიპოვნა დიმიტრი სულაძემ, რომელმაც დამარხა ოსიკასთან ერთად 36 ...”



ნიკოლოზ კალანდარიშვილი (მოხალისე)

მახსოვს ბავშვი ვიყავი, როცა ჩემი სახლის კედელზე ერთმა ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მამამ საიდუმლოდ გამანდო: ეს ჩემი ძმა, ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილია, იუნკერი იყო, 23 წლის ასაკში კოჯრის მისადგომებთან სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაღუპული იუნკრების ცხედრები ჭირისუფლებს არ გამოგვატანეს და ყველანი ერთად იმ ტაძრის (სობოროს) გალავანთან, საძმო საფლავში დაკრძალეს, სადაც ახლა მთავრობის სასახლეა...

(შვილიშვილის ზოია კალანდარიშვილის მოგონება)

პავლე ბეშქენაძე (მოხალისე, უნივერსიტეტის სტუდენტი)

კოჯრის მიმართულებით ზარბაზნების ქუხილი მოისმის...
პალიკოს ჭკვიანი თვალები შეშფოთებული დაგვეძებს უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტთა საერთო კრებაა გამართული, თავისი რაზმის სახელს გვეუბნება და სტუდენტთა შორის იკარგება. ჩვენ უკვე სხვა რაზმში ვართ ჩარიცხულები.
გადის სამი დღე... მეოთხე დღეს «მიხეილის საავადმყოფოში» მივდივართ, სადაც პალიკოს ცხედარი ასვენია. ირგვლივ ქვითინისა და გლოვის ხმა ისმის. პალიკოს სად­გურ­ზე ვაცილებთ... ტირის ყველა, ერთგულ მეგობარს გულწრფელად გლოვობენ...
ქუთაისი. არქიელის მთა. დასაფლავებას ზღვა ხალხი ესწრება. უკანასკნელი წუთები გადის და სამარის ცივი სუდარა ერთმანეთს გვაცილებს...

დადაშ გელოვანი, სერგო ამაღლობელი (მეგობრები)




ძმები ალექსანდრე და ივანე მუჯირიშვილები (მოხალისეები­)







მიხეილ თუმანიშვილი (ლეიტენანტი)

საომარი მოქმედებების დროს მიხეილს თან ახლდნენ უმცროსი ძმა იუნკერი ნიკოლოზ თუმანიშვილი და ახლო ნათესავი ირაკლი მესხი. როდესაც უკან დახევის განკარგულება მოვიდა, მიხეილმა ახალგაზრდებს ბრძოლის ველიდან წასვლა უბრძანა, თვითონ კი, ქვემეხების მწყობრიდან გამოსაყვანად შეყოვნდა, რათა წითელ­არმი­ელებს მათი გამოყენება აღარ შეძლებოდათ. უკან მიბრუნებულ იუნკრებს საზარელი სურათი დახვდათ _ მუცელში დაჭრილი მიხეილი სისხლისგან დაცლილიყო...



კათოლიკოსი ლეონიდე

«1921 წლის 23 თებერვალს, უფროსკლასელები დილიდანვე დიდი მთავრის ქუჩაზე, მორგში წაგვიყვანეს, სადაც კოჯორში დახოცილი ქართველები იყვნენ ჩამოსვენებულნი. 11 კუბო, 11 რჩეული ვაჟკაცი _ რა დედამ გშობაო იტყოდი... პროცესიას სამღვდელოება კათოლიკოს ლეონიდეს წინამძღოლობით წარუძღვა. კუბოებს სტუდენტები მოასვე­ნებდნენ. ვერის ხიდით ახლანდელ რუსთაველის მოედანზე ამოვედით. ოედანი ხალხით გაივსო _ ასე მივაცილეთ ტაძრამდე მებრძოლნი,» იხსენებს პუბლიცისტი ანტონ კელენჯერიძე.

ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ

მარიამ (მარო) მაყაშვილი

ალექსანდრე ახვლედიანი

პლატონ დოლიძე

შალვა ერისთავი

პავლე იაკობაშვილი

ლევან კანდელაკი

ოთარ ლორთქიფანიძე

მიხეილ ლოლუა

ილია ჯანდიერი

იოსებ ჯანდიერი

არჩილ ჯანდიერი

გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ზედგინიძე

გიორგი იაშვილი

ვახტანგ ისკანდერაშვილი

ივანე კერესელიძე

რევაზ ფავლენიშვილი

ივანე ჯამასპიშვილი

გრიგოლ კიკიანი

პალიკო ბეშქენაძე (მოხალისე)

ნიკოლოზ ზანდუკელი

ნიკოლოზ სტურუა

მიხეილ თუმანიშვილი

ნიკოლოზ კალანდარიშვილი

გენო ქარუმაძე

ვანო მუჯირიშვილი

სანდრო მუჯირიშვილი

ჯიშკარიანი (ჯარისკაცი)

ირაკლი თოიძე (კაპიტანი)

ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

არჯევან ანანიაშვილი (მაიორი)

გაბრიელ გეხტმანი

მიხეილ იოსელიანი

გერონტი არჩვაზე (მოხალისე)

«თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, 26 თებერვალს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო.

წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა. ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა», იხსენებს ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე

დახვრეტილი იუნკრები

მამუკა ასათიანი
იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

გიორგი ფურცელაძე
იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

დავით სარჯველაძე
იუნკერი, დახვრიტეს 1923 წელს.

იასონ-მალხაზ ჭავჭავაძე
იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

გიგლა გარსიაშვილი
იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

ზურაბ ჭავჭავაძე
იუნკერთა სკოლის ოფიცერი. დახვრიტეს 1930 წელს.

ევგენ ღვალაძე
ეროვნული არმიის პორუჩიკი. იბრძოდა იუნკრებთან ერთად.
დახვრიტეს 1937 წელს.

გრიგოლ კახაძე
მოხალისე, დახვრიტეს 1924 წელს.

გაბრიელ მაყაშვილი
იუნკერი, დახვრიტეს 1925 წელს.

ნიკოლოზ მაყაშვილი
შტაბს-კაპიტანი, დახვრიტეს 1923 წელს.

არჩილ ჯანდიერი
იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

"მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!"...

1921 წლის მარტში ემიგრანტმა იუნკერებმა უკანასკნელად მოავლეს თვალი სამშობლოს ნაპირებს და უცხო ქვეყნებში დაასრულეს გმირული სიცოცხლე.

1921 წლის 17 მარტი
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასთან ერთად, ევროპისკენ გაემგზავრა ბევრი პოლიტიკური მოღვაწე.
"ვანო ბაქრაძეს არ ვეკითხები, მიმყავს, დანარჩენებმა კი, გადაწყვიტეთ", - გამოუცხადებია გენერალ კვინიტაძეს. მთავარსარდალმა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკრებს არჩევანი შესთავაზეს.

"დავრჩეთ თუ წავიდეთ?... დარჩენა – მტრის სამსახურში ჩადგომას უდრიდა, წასვლით კი, შეიძლება უცხოეთში უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში გათავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით. ზოგმა ჩვენგანმა სახლში დაბრუნება აირჩია", - წერდა ნიკოლოზ მათიკაშვილი.

რამდენიმე დღის შემდეგ ლტოლვილები კონსტანტინოპოლს მიადგნენ.



"კონსტანტინოპოლში 69 იუნკერი ჩამოვიდა

.
თვეები გადის და ლტოლვილთა ბედი კი არ ირკვევა, პირიქით, ამ ხალხს ღვთის ანაბარად ტოვებენ. მაშინ იუნკერი შინ, სამშობლოში დაბრუნდა. დანარჩენ იუნ­კერთა საკითხი კვლავ ღია რჩე­ბოდა», წერდა გენერალი კვინიტაძე, რომლის შუამდგომ­ლობით, ხუთი იუნკერი საფრან­გეთის ერთ-ერთ სამ­ხედ­რო სკო­ლაში გაიგ­ზავნა 13 კი – სა­ბერ­ძნეთის სამხედრო სკოლაში, რჩე­ბოდა კიდევ 30-მდე იუნ­კერი, რომელთა მიმართაც ხე­ლის­უფ­ლებამ გამოიტანა დად­გენი­ლება, დაებრუნებინათ სამ­შობ­ლოში. იუნკრებმა დაბ­რუნე­ბაზე უარი განა­ცხა­დეს. 1921 წლის შემოდ­გო­მაზე საფრან­გეთის სენ-სირის სკოლამ ხუთი იუნ­კერი მიიღო.



საბჭოთა უშიშროების ძალებმა პოლონეთში შესვლისთანავე ნადირობა დაიწყეს პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ მეომრებზე. შეიპყრეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს იუნკრები: ლადო ციბაძე და გრიგოლ იაშვილი. რამდენიმე ყოფილი იუნკერი კი, იმ 15. 000 პოლონელ ოფიცერთან ერთად დაიღუპა, რომლებიც საბჭოელებმა კატინის ტყეში დახვრიტეს.

მიხეილ კვალიაშვილი

მე-15 ულანთა პოლკის როტმისტრი. მსახურობდა პოზნანში. ბოლშევიკებმა პოლონეთში შესვლისას დაატუსარეს და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში.
პოლონეთის მთავრობამ გადასახლებიდან დააბრუნა და იქ დასახლდა.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში იუნკერთა კავშირი აღსდგება და თავის პატრიოტულ მუშაობას განაგრძობს. შენ როგორმე თავს მოუარე, ვინ იცის ხვალ რა იქნება, მხედარი მოვალეობის შესრულებისათვის მუდამ მზად უნდა იყოს. გადასახლებული ქართველებისაგან ვიცი, რომ საქართველოში იუნკერთა არსებობა იციან, ახსოვთ ტაბახმელა და ამ პატარა ჯგუფზე დიდ იმედებს ამყარებენ“, წერს ნ.მათიკაშვილს.

ვანო ბაქრაძე

მე-17 ულანთა როტმისრი, მიიღო მონაწილეობა გერმანელებთან ომში. ომის შემდეგ პარიზში დასახლდა.
... ერთ დილას ტყეში ჩაძინებულ ვანო ბაქრაძეს თავს საბჭოთა უშიშროების ორი ოფიცერი წამოადგა. ვანო მიხვდა, რომ ჩავარდა და «ვაიმე, დედაო», უნებურად წამოცდა თურმე. დატუსაღებული წამოიყვანეს. ამ დროს გაისმა სროლის ხმა და წინ მიმავალი ჩეკისტი წაიქცა. როცა შეშინებულმა ტყვემ უკან მოიხედა, მეორე ჩეკისტმა ქართულად წასჩურჩულა: «თავს უშველეო».

«შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მე აქ გადავგვარდი. არა, მეწყინება _ საქართველოს მიწაა ჩემს ძარღვებში და რაჭის ტალახი ტერფებზე მაცხია. თქვენზე და მადაურობაზე ფიქრით და ოცნებით ვსაზრდოობ. მეკითხებით, რა მენატრება, რომ გამომიგზავნოთო _ ლობიო, ჭადი, ქვე შენი ჭირიმე, უდაბური, ცხრაწყარო, ნაქერალა, ხეითი, ბოყვა, ზვარეთი. მანდ კურდღლებზე განადირება, თქვენი ნახვა. მადაურობაზე მე ჭიპით ვარ მიბმული. სულ მესიზმრება, თითქოს საქართველოში მიმავალ მატარებელზე მაგვი­ანდება...» ვანო ბაქრაძე.

მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მხარეს იბრძოდა:

გენერლები:

ივანე ყაზბეგი

ზაქარია (შაქრო) ბაქრაძე

ალექსანდრე კონიაშვილი

ალექსანდრე ზაქარიაძე

ალექსანდრე ჩხეიძე

კირილე ქუთათელაძე

პოლკოვნიკები:

რომან გველესიანი

ნიკოლოზ მიქელაძე

ალექსანდრე ბაგრატიონი

ნიკოლოზ კანდელაკი

კიკვიძე

ერისთავი

ალექსანდრე ტაბიძე

ვალერიან თევზაძე

ნიკოლოზ ვაჩნაძე

პოდპოლკოვნიკები:

ნიკოლოზ მათიკაშვილი

მიხეილ კვალიაშვილი

პლატონ თაყაიშვილი

ვიტალი (ტალიკო) უგრეხელიძე

მაიორები:

დავით ქუთათელაძე

კონსტანტინე ტერიაშვილი

ალექსანდრე კოზიაშვილი

დიმიტრი შალიკაშვილი

ლადო სიამაშვილი

გიორგი ფავლენიშვილი

გიორგი მამალაძე

არტემ არონიშიძე

ალექსანდრე ალავიძე

ალექსანდრე ყიფიანი

არკადი სხირტლაძე

კაპიტნები:

ლევან კვალიაშვილი

ვასილ ინჯია

დავით ვაჩნაძე

მიხეილ რუსიაშვილი

დავით კლიმიაშვილი

ივანე ქავთარაძე

ლადო მახარაძე

ივანე (ვანო) ნანუაშვილი

სიმონ (სიკო) კობიაშვილი

როტმისტრები:

ივანე (ვანო) ბაქრაძე

გიორგი ჯავახიშვილი

დავით ჩხეიძე

გრიგოლ ჩხეიძე

გიორგი მრელაშვილი

საველი ბალახვანელი

ირაკლი ყაზბეგი

გრიგოლ კიკიანი

ვიქტორ ლომიძე

ბიძინა ქუთათელაძე

მიხეილ კანდელაკი

გენადი ხუნდაძე

ლევან მაჭავარიანი

დავით მაჭავარიანი

სევერიან ჭყონია

ვარშავის დამცველთა შორის იყვნენ: პოლკოვნიკი თევზაძე, მაიორები არონი­შიძე, ალავიძე, კაპიტანი ლაღიძე. ქალაქის უკანასკნელი დამცველიც ქართველი გენერალი ზაქარიაძე იყო.


«ვირტუტი მილიტარი»
პოლონეთის უძველესი სამხედრო ჯილდო (1720წ.)

ამ ორდენით რვა ქართველი სამხედრო მოღვაწე დაჯილდოვდა:

1. ვალერიან თევზაძე (პოლკოვნიკი)
2. არტემ არონიშიძე (მაიორი იუნკერთა სასწავლებლის პედაგოგი)
3. გიორგი თუმანიშვილი (ადმირალი, პირველი რანგის კაპიტანი)
4. ვიქტორ ლომიძე (ყოფილი იუნკერი)
5. ვიტალი უგრეხელიძე (პოდპოლკოვნიკი, ყოფილი იუნკერი)
6. გიორგი რატიშვილი (კაპიტანი, ყოფილი იუნკერი)
7. ვლადიმერ ლაღიძე (მაიორი, ყოფილი იუნკერი)
8. არკადი სხირტლაძე (კაპიტანი, ყოფილი იუნკერი)

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კლასიფიკაციით, «ვირტუტი მილიტარი,» გათა­ნაბ­რებულია «დედოფალ ვიქტორიას ჯვართან» (დიდი ბრიტანეთი) და «თავის­უფლების ჯვართან» (აშშ).



ემიგრაციაში წასული იუნკრები

ივანე ნანუაშვილ

ნიკოლოზ მათიკაშვილი

დავით ლაღიძე

ვახტანგ აბაშიძე

გენადი ხუნდაძე

გიორგი მრელაშვილი

ლადო ციბაძე

ილარიონ ლობჟანიძე

გიორგი ჯავახიშვილი

მელიქ სომხიანცი

ილია კაკაბაძე

სიმონ ბახუტაშვილი

ლევან კეზელი

საველი ბალახვანელი

ბორის თინიკაშვილი

პროკოფი აბულაძ

დავით ყიფიანი

დიმიტრი ლაღიძე

ვლადიმერ ლაღიძე

პავლე ფურცელაძე

თადეოს წითლანაძე

ოისებ ზაუტაშვილი

პლატონ თაყაიშვილი

შოთა ნიკოლაძე

გრიგოლ ბოკუჩავა

ლადო მახარაძე

მიხეილ დადიანი­­­

გრიგოლ იაშვილი

ვიტალი უგრეხელიძე

დავით ჩხეიძე

გრიგოლ ჩხეიძე

სიკო კობიაშვილი

მიხეილ კვალიაშვილ

ფარნაოზ ნაცვლიშვილი

ხელაძე

არკადი სხირტლაძე

დიმიტრი აღნიაშვილი

ირაკლი ყაზბეგი

ვიქტორ ლომიძე

მიხეილ კიკნაძე

თუმანიშვილი

გრიგოლ კიკიანი

ზაქარია ცერცვაძე

ვალერიან ჭელიძე

ალექსანდრე გლოვაცკი

ბორის ღოღობერიძე

ნიკოლოზ კანდელაკი

ვლადიმერ მაჭარაძე

ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი

გიორგი ტურაშვილი

დავით ვაჩნაძე

ალექსანდრე კინწურაშვილი

გიორგი ოდიშელიძე

ნიკოლოზ თოხაძე

ალექსანდრე ჯინჭარაძე

ივანე ვაჩნაძე

ილია სიდამონ-ერისთავი

ალექსანდრე ტატიშვილი

ნიკოლოზ ჯაფარიძე




დავით მდივანი

არჩილ ანდრონიკაშვილი

მერაბ ჯორჯაძე



ბოლოს დასრულდა ჩვენი მოწაფეობა. მივიღეთ კონტაქტის ოფიცრების ხარის­ხები დ

ა მიგვავლინეს სხვადასხვა პოლკში.

სკოლაში ყოფნისას ჩვენთან კავშირში იყო და მზრუნველობა არ შეუწყვეტია გენერალ ჩხეიძეს.

ბინას ჩვენს ახლოს ქირაობდა და სკოლაში ხშირად მოდიოდა ჩვენი მდგომარეობის გასაგებად. მისი საშუალებით ვიცოდით რა ხდებოდა საქართველოში, როგორ ეწინააღ­მდეგე­ბოდა ქართველი ხალხი დამპყრობლებს.

სტამბულიდან პარიზისკენ მიმავალმა ჩვენმა მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემაც გვინახულა, რომელიც ეროვნულ ტანსაცმელში შემოსილი, დიდი პატივით მიიღეს. უცხოეთში გახიზნული გენერალი თვალს არ აშორებდა იუნკერთა ყოფას. ბინას მუდამ მათთან ახლო იკავებდა და მათ დავაჟკაცებას, აღზრდასა და წრთვნას თვალს ადევნებდა. ასე იყო ოსმალეთში, ვარშავაში, რემბერტოვსა და ლვოვში. ორი ვაჟის პატრონმა ორივე 1939 წლამდის დაკარგა. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა ლვოვი დაიკავეს და იქ მყოფი გენერალი კვინიტაძე დააპატიმრეს, სწორედ აქ ქრება მისი კვალი...

ნ. მათიკაშვილი, მ. კვალიაშვილი

END - TXT CONTENT